Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის მიხეილ ნამადოვის შეფასებით, ზანგეზური ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტია და უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოზე გავლენა არ ექნება.
"დღეს ეს არის კონცეფცია და არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოესი 2-3 წელი, ზანგეზურიდან გამომდინარე, რაიმე დანაკლისს ვიგრძნობთ. გეოპოლიტიკურად ძალიან კარგი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან რეგიონში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზანგეზური იქნება ერთ-ერთი დამატებითი ჯაჭვი და პირიქით, ხელს შეგვიწყობს, რომ გამტარუნარიანობა გაიზარდოს და პიკურ სეზონებში არ ვკარგავდეთ იმ ტვირთებს, რომლებსაც სწრაფი მიწოდება სჭირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა, ნაწილი გადამისამართდება, თუმცა, მაგ დროისთვის, მსოფლიო ბანკის კვლევა გვაჩვენებს, რომ 2030-სკენ, თუმცა უფრო სწრაფადაც შეიძლება, შუა დერეფნის მეშვეობით დაახლოებით 9 მილიონი ტვირთი გატარდეს შუა დერეფნის მეშვეობით", - განაცხადა ნამადოვმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში და აქვე აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის და ყაზახეთისთვის საქართველო პირველი "არტერიაა" და ამის შემდეგ შეიძლება დამატებით განიხილონ ზანგეზური.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა კავკასიის სინგაპური გახდეს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია სახმელეთო და სარკინიზგო პროექტების განხორციელება.
"საგზაო ინფრასტრუქტურა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, მეორეა რკინიგზის მოდიფიკაცია, რაზეც რეფორმა დაანონსებულია, ასევე საქართველოს დიდი მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრები სჭირდება, სადაც იქნება საბაჟო საწყობები, რკინიგზა. საქართველოს შეუძლია გრძელვადიანი ხედვა აიღოს 2030-სთვის და პოზიციონირება გააკეთოს, რომ იყოს კავკასიის სინგაპური. შანსი გვაქვს, რომ კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი საკვანძო ჰაბი",- აცხადებს ნამადოვი.